თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
უწყების ინფორმაციით, ამიერიდან სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
„ახლადგახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება.
საზოგადოებრივი ცენტრები – იუსტიციის სახლების პროტოტიპებია. საზოგადოებრივი ცენტრები რეგიონების მოსახლეობას, მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.