თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე წამყვანი ადგილობრივი ჰოლდინგების აღმასრულებელ დირექტორებთან.
შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.
„აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი. შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე.
ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს და გაეცნობა საქართველოს პავილიონის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ზე იქნება წარმოდგენილი.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.