თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ზუგდიდში, „ვექტორისა“ და „ოდიშის“ დასახლებებში, ნგრევად და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცემათ, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში 200-მდე დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.
ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელთან ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო და დევნილ მოსახლეობას პირადად შეხვდა.
მინისტრის თქმით, სამინისტრო ინტენსიურად ხურავს იმ კომპაქტურად დასახლებულ შენობებს, სადაც უმძიმესი პირობებია.
„ამ ეტაპისთვის განსახლება კრიტერიუმების გარეშე მოხდება. დეტალურ შესწავლას ოქტომბრის თვიდან დავიწყებთ და დევნილი მოსახლეობის განსახლების პროგრამა აქტიურად დაიწყება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს თანამედროვე სტანდარტების ბინა 360 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა, რის გამოც 68 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე ახალ საცხოვრებელს 600 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს, ხოლო 2024 წლამდე ზუგდიდში დევნილებისთვის 1.700 ბინის მშენებლობა იგეგმება.
მთავრობის გეგმების მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 3000-მდე დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.