სტიქია ხობის რაიონში – დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ეზოები

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმები ამ დროისთვისაც გრძელდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო მოსახლეობა აღნიშნული პრობლემის წინაშე დიდი ხანია დგას.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭალადიდში, ქვალონსა და ახალსოფელში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ინფორმაციას რეგიონული მასმედია ავრცელებს.
ძლიერი წვიმების გამო სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
გავრცელებული ინფორმაციით, ნალექის შედეგად განადგურებულია მოსავლის ნაწილი, ასევე დაიხოცა შინაური ფრინველი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა დიდი ხანია არსებობს, რადგანაც სოფლებში სანიაღვრე სისტემები გაუმართავია.
ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადგილზე მუშაობენ მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლები და სამაშველო ბრიგადები.
დაზარალებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ხობის მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ მოსახლეობას მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება.
ასევე არასახარბიელო მდგომარეობაა ქობულეთში, სადაც გუშინ, ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.