თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2021 წლის მეორე კვარტალში 1.328 ლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში საშუალო ხელფასი 15,5%-ით გაიზარდა.
საშუალოთვიური ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში – დარგების ტოპ–4:
– საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2.354,7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა15,4%-ით);
– ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2.173 ლარი (ზრდა 12,4%-ით);
– მშენებლობა – 2.006,1 ლარი (ზრდა 23,7%-ით);
– პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1.919,5 ლარი (ზრდა 7,4%-ით).
ქალებისთვის საშუალო ხელფასი თვეში 1.077,8 ლარი, ხოლო მამაკაცებისთვის – 1.560 ლარია. ამასთან, ქალების ხელფასი ერთ წელიწადში გაიზარდა 153,6 ლარით, ხოლო მამაკაცების – 207,6 ლარით. მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
ბიზნეს-სექტორში მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი თვეში 214 ლარით გაიზარდა და 1.389,6 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტ ხელფასს იღებენ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობით დაკავებულები (2.209,4 ლარი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში დასაქმებულები (2.177,4 ლარი).
საქართველოს ეკონომიკის არაწარმოებით და საფინანსო სექტორში საშუალოთვიური ხელფასი 117.8 ლარით გაიზარდა და 1.226,6 ლარი შეადგინა.