თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik.საქართველოში პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში ფერმერებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
კონკურსის მიზანია - მეცხოველეობის პროდუქციის უსაფრთხოების და ხარისხის მაჩვენებლის ამაღლებაა. საკონკურსო განაცხადების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება.
კონკურსის პირობებით, განმცხადებელმა თანადაფინანსების სახით უნდა განახორციელოს პროექტის მთლიანი ღირებულების 50%.
პროექტისადმი მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75 ათას აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და არ უნდა იყოს 10 ათას აშშ დოლარზე ნაკლები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება აქტიური სამუშაო (სხვადასხვა ტრენინგების თუ საინფორმაციო სახელმძღვანელოების სახით) მეცხოველეობის სფეროში დასაქმებულთა ცოდნის დონის ამაღლების კუთხით.
პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.
კონკურსი გამოცხადებულია ხუთწლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA).
მეცხოველეობის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო მხარს უჭერს ფერმერებს მათ წამოწყებებში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საშეღავათო კრედიტებს გასცემს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 6,2%-ით - 923.1 ათასამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 75 ათასი სული, ხოლო იმპორტირებულია - 1,4 ათასი. 2020 წელს ხორცის წარმოებამ შეადგინა 69,5 ათასი ტონა (2019 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა).