თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში შეტანილ ქართულ მცენარეულ პროდუქციაში საშიში დაავადების გამომწვევი გამოვლინდა, რასთან დაკავშირებითაც „როსსელხოზნადზორმა“ შეშფოთება გამოხატა, იუწყება РИА Новости უწყებაზე დაყრდნობით.
უწყებამ მომხდარის შესახებ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობა.
„პირველად ქართულ საქონელში, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა, აღმოჩენილია საშიში დაავადების - ყავისფერი სიდამპლის გამომწვევი (Monilinia fructicola). სამ შემთხვევაში დაზიანების სიმპტომები გამოვლინდა ვაშლატამაში, ერთში - ატამში. გამოვლენილ ფაქტებზე შედგენილი ნოტიფიკაციები გაეგზავნა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ექსპორტირებულია 26,1 მლნ დოლარის ღირებულების 28,7 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა.
პროდუქციის ნახევარზე მეტი - 18,9 ათასი ტონა გატანილია რუსეთში, შემდეგ მოდის სომხეთი (8,1 ათასი ტონა) და უკრაინა (768 ტონა).