ვარდების წვიმა პანდემიის დროს ქართულ ქორწილში და მსახიობების „მზარეულობანა“ გერმანიაში

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში, კიოლნში მცხოვრები მსახიობისა და რეჟისორის ვაკო მანძულაშვილის საქმიანობას გაგაცნობთ.
Sputnik
პირველი თეატრალური შეგრძნება საქართველოში დაამახსოვრდა სადებიუტო როლით, რომელზეც ბოლომდე დაიხარჯა. დღეს გერმანიაში ცხოვრობს და ადგილობრივებს ქართულ კულტურას და ტრადიციას აცნობს და აზიარებს. ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის არის ჯაზ-ფესტივალი, რომელზეც საქართველო პირველად წარდგა.
- ბატონო ვაკო, ოჯახში, სადაც მამა ექიმია, დედა კი მსახიობი და თეატრის ხელმძღვანელი, რატომ გადასძალა დედის პროფესიულმა არჩევანმა?
- ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ცეკვა, სიმღერა და სპორტი, მოკლედ, უფრო აქტიური ცხოვრება მომწონდა, ვიდრე აკადემიური. მშობლებს ორივე სამსახურში დავყავდი, მაგრამ სცენაზე დგომამ სულ სხვა განცდა მომანიჭა და ალბათ ჩემი არჩევანიც ამ შეგრძნების ბრალია.
ვაკო მანძულაშვილი
- რა ასოციაციებს აღძრავს ბავშვობის ზაფხული და ზესტაფონის თეატრი?
- ბავშვობაში ზაფხულობით ზესტაფონში ვისვენებდი. მახსენდება ბებია, ნანული ასათიანი, რომელიც ყველაზე მხიარული, მაგრამ ამავე დროს მკაცრი, მოსიყვარულე და ძლიერი ადამიანი იყო. ზესტაფონის თეატრთან დედაჩემის მხრიდან მქონდა შეხება, როდესაც ის დირექტორი იყო. ჯერ კიდევ ბავშვობიდან სცენა ჩემთვის იყო ჯადოსნური ადგილი, სადაც საოცრებები ხდებოდა...
სცენაზე
- საქართველოში შესრულებული როლებიდან რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
- დღემდე მახსოვს იონას როლი ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლში „ათვინიერებენ მიმინოს“. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძე გახლდათ. ეს იყო ჩემი პირველი დიდი როლი, რომლისგანაც, როგორც მსახიობმა, პირველი თეატრალური შეგრძნება განვიცადე. იმ როლზე მუშაობის დროს ბოლომდე დავიხარჯე. მაშინ მივხვდი როგორც არტისტმა, როგორ უნდა შეისისხლხორცო პერსონჟი, ვისაც თამაშობ და მაყურებლის წინაშე როგორ წარადგინო იგი.
ვაკო მანძულაშვილი სცენაზე
- გერმანიაში, კიოლნში რომელ კულტურულ-თეატრალურ პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
- მსახიობებთან თამარ ბურდულთან და ზაზა დოქსანოვთან ერთად კიოლნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ფესტივალის რეჟისურა ლაშა შეროზიას ეკუთვნის. სამუშაო პროცესი სახალისო და ამავე დროს საპასუხისმგებელო იყო. ასეთ მასშტაბურ ფესტივალზე თეატრმა დღეში სამი სპექტაკლი მაინც უნდა წარმოადგინოს. მაყურებელი დღეში დაახლოებით ოთხი სპექტაკლის ნახვას ახერხებდა.
ვაკო მანძულაშვილი ერთ-ერთ კულტურულ ღონისძიებაზე
- ვიცი, რომ გერმანიაში ჯაზ-ფესტივალის ორგანიზებაში თქვენი წვლილიც იყო...
- დიახ, Leverkusener Jazz Festival-ის ორგანიზებაში, რომელზეც ნინო ქათამაძე და სვანური ჯგუფი „ლილე“ გამოვიდნენ, თამარ ბურდულთან და თილო ჰედერთან ერთად, მეც მივიღე აქტიური მონაწილეობა. ჯაზ-ფესტივალზე, რომელიც 40 წელია არსებობს, საქართველო მაშინ პირველად გამოვიდა. ყოველთვის მინდოდა, ქალბატონ ნინო ქათამაძისა და მისი არაჩვეულებრივი ბენდისთვის, ასევე სვანური ფოლკლორული ჯგუფი „ლილესთვის“ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში თანადგომისთვის მადლობა გადამეხადა, ამიტომ ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ.
ვაკო მანძულაშვილი და თამარ ბურდული სცენაზე
- კიოლნის მაყურებელმა თუ იხილა რომელიმე ქართული სპექტაკლი?
- კიოლნში ლიტერატურის თეატრის სახელით, რომლის საპატიო წევრიც ვარ, ვაჩვენეთ ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით გერმანიაში დადგმული სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. ის რეჟისორმა ბექა თურმანიძემ დადგა. სპექტაკლი იმითაც იყო საინტერესო, რომ მასში საქართველოსა და გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მსახიობებმა მივიღეთ მონაწილეობა: ბექა თურმანიძემ, ნინო გოშაძემ, მე და ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა მარინა ბურდულმა.
ვაკო მანძულაშვილი სცენაზე
- გავიგე, რომ საკუთარი ქორწილის სცენაც თქვენ „დადგით“...
- პანდემიის გამო მე და თამარ ბურდულს ქორწილი წინასწარ არ დაგვიგეგმავს, ვადებში ვერ ვეტეოდით და ყველაფერი სპონტანურად მოხდა. თუმცა მეგობრების დამსახურებით იმდენად საინტერესო და ლამაზი სანახაობა გამოვიდა, რომ მართლა დადგმულს ჰგავდა. ჩვენი ქორწილი ვარდების წვიმით დასრულდა, რამაც საოცარი სურნელი და განსაკუთრებული განწყობა შემოიტანა. აქ, კიოლნში ხელოვანები ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. საქმესაც ერთად ვაკეთებთ და ერთმანეთის სიხარულსაც ვიზიარებთ.
ვაკო მანძულაშვილის და თამარ ბურდულის ქორწილის დღე
- როგორია ორი ხელოვანი ერთ ოჯახში?
- ორი ხელოვანის თანაცხოვრება ძალიან საინტერესოა. მე და თამარს საერთო საქმე და ხელოვნება გვაერთიანებს. ეს ყოფით პრობლემებსაც ადვილად გვაძლევინებს. ბედნიერებას ყველა თავისებურად აღიქვამს. პირადად ჩემთვის ბედნიერებაა საყვარელი საქმის კეთება და იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც ძალიან მიყვარს.
- გერმანიაში პანდემიამდე ჩატარებული ღონისძიებებიდან რომელს გაიხსენებთ?
- პირველ რიგში გავიხსენებ 2019 წლის ნოემბერში ჩატარებულ ქუჩის ფესტივალს – „თბილისობა”. ის ქართულ-გერმანული კულტურის გაცვლითი საზოგადოებისა და საქართველოს საკონსულოს ერთობლივი პროექტი იყო. ის ქართული ფესტივალი ბევრმა გერმანელმა იხილა, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდათ. ამის გარდა, ჩვენი ემიგრანტებისთვის არაერთი დაუვიწყარი ქართული საღამო და დღესასწაულიც მოვაწყვეთ.
ვაკო მანძულაშვილი და თამარ ბურდული
- ტრადიციული ქართული სამზარეულო როგორ გააცანით გერმანელებს?
- მე გურმანი ვარ და ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს. ალბათ ეს ყველაფერი და ჩემი მთავარი პროფესია იმაში დამეხმარა, რომ მზარეულობაც მეცადა. პანდემიის დროს, ასე ვთქვათ, იმპროვიზებული პატარა სცენა მოვაწყვე და მეუღლესთან ერთად „მზარეულობანა“ ვითამაშე. ჩვენი გერმანელი სტუმრები ასეთი წარმოდგენის ხილვით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. განსაკუთრებით ჩემი მეუღლის ბადრიჯანზე და ხაჭაპურზე გაგიჟდნენ, მწვად-ხინკალსაც თავისი ღირსეული ადგილი ეკავა. იმ პატარა სცენაზე ქართული ლიტერატურულ-მუსიკალური, ფოლკლორული საღამოები და გამოფენებიც იმართება ხოლმე. ახლა ცოტა უიმედოდ ვარ და დათრგუნული. არ მომწონს რაც მსოფლიოში ხდება. როცა პანდემია დამთავრდება და ხელ-ფეხი გამეხსნება, საყვარელ საქმეს მივუბრუნდები და ჩემი ქვეყნის სახელს გერმანიიდან ისევ მოვეფერები...