თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში უახლოეს დღეებში მოხდება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
კიევის სასამართლომ ძალაში დატოვა იუსტიციის სამინისტროს ბრძანება საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ.
ინფორმაციას უკრაინაში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მეგის ქარდავას ადვოკატი ადასტურებს.
უკრაინაში ქარდავა 2017 წლის ნოემბერში დააკავეს. სწორედ იმ დღიდან დაიწყო საქართველოში მისი ექსტრადიციის საქმის განხილვა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარდავა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, 2013 წელს კი მასზე ძებნა გამოცხადდა. საქართველოში ქარდავას არაერთი დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორისაა წამება, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და ა.შ.
საქართველოს პროკურატურა ქარდავას ექსტრადიციას სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს, რომლებშიც ის ფიგურირებს. მას რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში კი პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.