ღარიბაშვილი: სააკაშვილი ხალხის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა 6 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამარცხდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის აპირებს.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს ისევ ატყუებს და სინამდვილეში სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავს. ხოლო თუ იგი მაინც დაბრუნდება, პრემიერმა პირდაპირ აეროპორტში მისი დაკავების პირობა დადო.
რამდენი ადამიანი ელოდება საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას: თაკო ჩარკვიანის მონაცემები
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა და მისმა „მაფიოზურმა ბანდამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო დანაშაულები ჩაიდინეს.
„სამხუხაროდ, ეს დღემდე გრძელდება. თუ დღეს რამე ხდება, ეს არის პირდაპირი ფსიქოლოგიური ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ზედიზედ 9 წელია ჩვენი ხალხი ითმენს ამ ომს, უმსგავსობას, რაც მათი ტელეკომპანიებიდან მოდის. ეს არის ქართველი ხალხის, სახელმწიფოს, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელშიც ისინი 2 ოქტომბერს კვლავ მარცხს განიცდიან“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“, რომლის გამარჯვებაშიც მას ეჭვი არ ეპარება, „ყველა გამყიდველსა და მტერს“ ღირსეულ პასუხს გასცემს.
ამავე დროს 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება განხორციელდა, ღარიბაშვილმა ისტორიული უწოდა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.