პოლიციამ სამი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე 14 წლის მოზარდი დააკავა

ბრალდების მუხლი 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სამი არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, დაკავებულმა 13 სექტემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ 14 წლის და ორ 15 წლის მოზარდებს. პოლიციამ დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში, „ცხელ კვალზე“ დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდებს შორის გუშინ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი განსხვავებული მუსიკალური გემოვნება გახდა.
გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.