„საქართველოს ახლა სჭირდება შველა“ – სააკაშვილმა სამხედროებს მიმართა

მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ სააკაშვილის მიმართვას მოღალატეობრივი უწოდეს.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ადგილობრივ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.
გასულ კვირაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებისთვის, ანუ 2 ოქტომბრისთვის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია, და რომ აპირებს დაასრულოს „რევანშის ერთსა და იმავე წრეზე სიარული“.
„საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ ჩვენს საამაყო სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ყველა უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს... თქვენი და ასევე, რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალების ჩვენი გმირი ვეტერანების“, – განაცხადა სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვაში.
სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების პირობას დებს – ამჯერად ნებისმიერ ფასად
ექს-პრეზიდენტის მიმართვაზე კომენტარი გააკეთეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ და მას მოღალატეობრივი უწოდეს.
„სააკაშვილისთვის სულ ერთია ჯარს მიმართავს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს, მას ერთადერთი ამოცანა აქვს – როგორმე ეს ქვეყანა შეარყიოს. ჯარს ისე მიმართავს, თითქოს რეალობა არ ვიცოდეთ. ჯარი ღირსეული პატრიოტებითა და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ასეთ მოღალატეობრივ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს“, – განუცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი ქართულ მიწაზე დადგამს ფეხს, მას დააპატიმრებენ. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამაზე თქვა: „გვაქვს ჰალსტუხების საკმაოდ დიდი კოლექცია, რომ დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში“.
„გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია და ციხე“ – პრემიერი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე
2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, სადაც მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონზე ლაპარაკობს და ჰალსტუხს ნერვულად ღეჭავს. ამ კადრს, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და ხმაურიანი განხილვის საგანი გახდა, ხშირად ახსენებს სააკაშვილს ოპონენტები.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა დაბრუნების პირობა არერთხელ დადო. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია, უკრაინის მოქალაქეა.