თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (163-ე პოზიცია WTA-ს რეიტინგში) გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გამართული ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ასპარეზობდა და მათი წყვილი ჩემპიონატზე მე-4 ნომრად იყო განთესილი. გორგოძე და ბარა ფინალურ ეტაპზე პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ეგვიპტელ მაიარ შერიფს შეხვდნენ. ქართველმა და რუმინელმა ჩოგბურთელებმა გამარჯვება გადამწყვეტ, მესამე სეტში მოიპოვეს (6:3, 2:6, 10:7).
თავდაპირველად ქართველისა და რუმინელის წყვილს რუსულ დუეტთან, ფომინასა და იაშინასთან მოუწია დაპირისპირება, სადაც გორგოძემ და ბარამ ორ სეტში 7:5, 6:2 იმარჯვეს. ნახევარფინალურ ეტაპზე ეკატერინე ძალამიძესა და პანოვას წყვილს შეხვდნენ და გამარჯვება ამ შემთხვევაშიც ქართველმა და რუმინელმა მოიპოვეს (6:3, 6:1).
გერმანიაში გამართული ტურნირის საპრიზო ფონდი 115 ათას დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ WTA-ს 125-ათასიანთა კატეგორიის ფინალში გორგოძემ მეორედ ითამაშა. პირველ შემთხვევაში მან ფინალურ ეტაპზე გასვლა წელსვე ხორვატიის ქალაქ ბოლში სლოვაკ ტერეზა მიჰალიკოვასთან ერთად მოახერხა, სადაც ფინალური დაპირისპირება დათმო.