თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელს, 48 წლის შალვა მელიქიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ხუთშაბათს ხელყუმბარით შეიარაღებული მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა, 13 პირი მძევლად აიყვანა და ფული მოითხოვა. მაგრამ მალე ყველა მათგანი გაათავისუფლა და პოლიციასთან არც ისე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარდა.
მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელმაც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედებით, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხით ახსნა. პროცესზე დაცვის მხარე 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით.
ბრალდებული თელავის რაიონული სასამართლოდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალდებულის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილს განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და ნანობს. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება და 52 ათას ლარიანი ბანკის ვალის გამო სახლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, როგორც ადვოკატი აცხადებს, იმყოფებოდა თუ არა მელიქიშვილი შეურაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენის დროს, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
„საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.