თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტარიბანას ველზე ფსტის ბაღში პირველ მოსავალს ელოდებიან, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, შპს „ტარიბანა 2016“-მა ფსტა 2016 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გააშენა. 47 ჰექტარზე ფსტის გაშენებისათვის კომპანიამ 700 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 360 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
„კომპანია „ტარიბანა 2016“ ფსტის სრულ მსხმოიარობაში შესვლისთვის, გაშენებიდან მეშვიდე წელს, ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს ელოდება. ბაღში მუდმივად ხუთი, სეზონურად კი 15 ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია აგრეთვე ფლობს ფსტის სანერგე მეურნეობას“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
საქართველოს მასშტაბით, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 300 ჰექტრამდე ფართობის ფსტის ბაღი გაშენდა, ინვესტიციის ოდენობა 3,7 მლნ ლარია, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1,3 მლნ ლარზე მეტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 2,9 მლნ ლარს აღემატება.