თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ახალმა პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა.
„მესამე ძალა“ ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობას და თბილისის მერობის კანდიდატად წამოაყენა თამარ კეკენაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე - სერგო ჩიხლაძე.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პლატფორმის გეგმა მაღალგანვითარებული ევროპული ქალაქის არსებობას გულისხმობს, სადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და, რაც მთავარია, ორიენტირებული იქნება გაზრდილ ხელფასებზე.
„მესამე ძალის“ მიერ წარმოდგენილი პროგრამა დედაქალაქის განვითარების ექვს ძირითად პრიორიტეტს მოიცავს:
თანაბრად განვითარებული ქალაქი - ყველა უბანი თბილისის სახე
თბილისი - ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი
თბილისი - კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი
თბილისი - ევროპის ტურისტული და კულტურული ცენტრი
თბილისი - გლობალური საჰაერო სატრანზიტო ჰაბი
ქალაქის თანამონაწილეობითი მართვა
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში ოპონენტები ნაკლებად საუბრობენ იმაზე, თუ რის გაკეთებას გეგმავენ ქვეყნისა და ქალაქისთვის.
ვაშაძე მიიჩნევს, რომ „მესამე ძალის“ მიერ წარმოდგენილი პროგრამა ამბიციური და არასტანდარტულია. ის გეგმავს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას და პოლიტიკური რეალობის შეცვლას.
„პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს პირობებში, ყველაზე ნაკლებად არის საუბარი თუ ვინ, რის გაკეთებას აპირებს. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ კონკრეტულად იმაზე საუბარი თუ ვინ რის გაკეთებას გეგმავს, ვის რა გეგმა აქვს, აქვს თუ არა კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, პროექტები, იმისათვის, რომ ის უამრავი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს მოაგვაროს სამწუხაროდ ეს არ ჩანს. „მესამე ძალის“ და ჩვენი გუნდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ამაშია, ჩვენ არა მხოლოდ ვაკრიტიკებთ, არამედ კონკრეტულად ვთავაზობთ გამოსავალს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მერობის კანდიდატმა არჩევნებზე გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების სულ მცირე 50% უნდა მოიპოვოს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა – მინიმუმ 40%.
არჩევნები 2 ოქტომბერსჩატარდება.