COVID-19 - ბოლო ცნობები

კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა 14 აგვისტოს მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 5 ათასამდე გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. მუნიციპალურ ტრანსპორტში, რომლის მოძრაობა ხვალიდან აღდგება, პირბადეების ტარება მკაცრად გაკონტროლდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ხვალიდან, 13 სექტემბრიდან ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდება.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.
„თუ მგზავრს პირბადე არ აქვს, ავტობუსში არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება, ასევე იქნება მიკროავტობუსსა და მეტროში. მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს", - განაცხადა კალაძემ.
მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძეც. მისი განცხადებით, ეპიდსიტუაციის პოზიტიური დინამიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ ტრანსპორტით გადაადგილების წესები დაიცვას.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმების წინააღმდეგია
„ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ დისტანცია მაქსიმალურად დავიცვათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ", - აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.