თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველო მოკავშირეებთან ერთად დგას მსოფლიოს და გლობალური უსაფრთხოების დასაცავად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დღეს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების 20 წლისთავი აღინიშნება. ეს თარიღი ცხადად გვახსენებს, რომ ტერორიზმს არასოდეს არ უნდა გავამარჯვებინოთ. საქართველო შეერთებული შტატების და სხვა მოკავშირეების გვერდით დგას მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, რათა მსოფლიო უკეთეს და მეტად უსაფრთხო ადგილად იქცეს ამ სამყაროში”, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის Twitter-აკაუნტში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები აღიკვეთოს.
„20 წლის წინ, სასტიკმა ტერორისტულმა თავდასხმამ უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით დააზარალა. ჩვენ ვუერთდებით აშშ-ის მოსახლეობასთან ერთად პატივს მივაგებთ დაღუპულებს და მათ, ვინც მომხდარზე პირველი რეაგირება მოახდინა. საქართველო დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი საშინელი ტერორისტული აქტი აღარასდროს განმეორდეს“, – დაწერა დავით ზალკალიანმა თავის Facebook-გვერდზე.
მანამდე 11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა სოლიდარობის მნიშვნელობაზე, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო და აღნიშნა, რომ ეს საზარელი ტრაგედია არის გაკვეთილი, რომლის დავიწყება არ შეიძლება.
2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში თვითმკვლელმა-ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა და კურსი ყველაზე ხალხმრავალი ადგილებისკენ აიღეს.
ორი ლაინერი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა, კიდევ ერთი - ვაშინგტონში პენტაგონის დასავლეთ ფრთას, მეოთხე კი პიტსბურგთან ჩამოვარდა.
11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მას 2977 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.