თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსის ვარიანტი „დელტა“ არ დაკარგავს დომინანტ მდგომარეობას „მიუ“ და „ლამბდა“ ვარიანტებთან მიმართებით, იუწყება გაზეთი Wall Street Journal.
ვირუსოლოგების აზრით, COVID-19-ის ახალი ტალღების წარმოშობის შემთხვევაში დომინანტი შტამი დიდი ალბათობით „დელტა“ და მისი „ქვეშტამები“ იქნება, ვინაიდან ეს ვარიანტი ბევრად უფრო გადამდებია.
როგორც ვირუსოლოგი ტრევორ ბედფორდი აცხადებს, „ჯერჯერობით „დელტას“ ვერაფერი უტოლდება“.
მეცნიერთა დიდი ნაწილის თქმით, „დელტას“ გადამდებობა უკიდურეს ზღვარს მსოფლიოში ვაქცინირებულთა ზრდის კვალდაკვალ მიაღწევს.
მანამდე აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ებტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ვარიანტ „მიუს“ გარკვეული ანტისხეულებისთვის გვერდის ავლის უნარი აქვს.
მისი თქმით, დღეისათვის „მიუ“ ვარიანტი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს, თუმცა სპეციალისტები სერიოზულად ეკიდებიან კორონავირუსის ყველა ვარიანტს.
კორონავირუსის ვარიანტი B.1.621, იგივე „მიუ“, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში გამოვლინდა კოლუმბიაში. ამ დროისათვის ის მსოფლიოს 40 ქვეყანაშია გავრცელებული. აგვისტოს ბოლოს „მიუ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „ინტერესის გამომწვევი“ ვარიანტების ჩამონათვალში შეიყვანა მომჭიდებელ ცილაში მუტაციური ჩანართი 146 N-ის და რამდენიმე ამინომჟავური ცვლილების გამო.