თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სახელი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა კარგი იყოს რუსეთის პრეზიდენტისთვის, მაგრამ არა შვედეთის ხელისუფლებისთვის, რომელმაც მშობლებს უარი უთხრა ახალშობილი ბიჭისთვის მის დარქმევაზე, წერს გამოცემა The Local.
გამოცემის ინფორმაციით, შვედეთში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც მშობლებმა თავიანთი ახალშობილების სახელები ქვეყნის საგადასახადო სააგენტო Skatteverket-ს უნდა აცნობონ.
აღნიშნულმა სამსახურმა კი უარი უთხრა ქალაქ ლაჰოლმაში მცხოვრებ წყვილს, დაერქმიათ საკუთარი ბავშვისთვის ვლადიმირ პუტინი.
შვედური კანონებით, ადამიანის სახელი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, არ უნდა შეიცავდეს საფრთხეს მფლობელისთვის და ამასთან არ უნდა ჰგავდეს გვარს.
როგორც გამოცემა წერს, ეს პირველი შემთხვევა არ აის, როდესაც საგადასახადო სამსახური უარს ამბობს ბავშვისთვის მშობლების მიერ შერჩეული სახელის დარქმევაზე. ასეთთა შორისაა: ფორდი, ალაჰი, პილსნერი და კიუ.
შვედეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში სახელი ვლადიმირი 1413 მამაკაცს ჰქვია, თუმცა სახელი პუტინი არსად ფიქსირდება.