„სპა მცველად ციხეთა კახეთისათა“, ანუ ლევან კახთ მეფისა და ივანე მრისხანეს გარიგება

XVI საუკუნის მეორე ნახევარში, რუსეთისა და კახეთის მეფეების შეთანხმებისამებრ, კახეთის ციხე-ქალაქებს თითქმის შვიდი წლის განმავლობაში ქართველებთან ერთად რუსი მეომრებიც (სტრელცები) იცავდნენ.
Sputnik
მართალია, ისინი ბევრნი არ იყვნენ (სავარაუდოდ 300-500 კაცი), მაგრამ ისინი იმ დროისათვის უახლესი თოფ-იარაღით იყვნენ აღჭურვილი და ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნეოდნენ.
კახეთის მეფე ლევან გიორგის ძე (1518–1574 წ.) გონიერი და წინდახედული მმართველი იყო, რომლის მეფობის დროს კახეთში მშვიდობა სუფევდა. კახთ ბატონმა მოახერხა ურთიერთობის მოგვარება მეზობელ შამხალთან (დაღესტანი), დაიმორჩილა გამდგარი ფშავ- ხევსურები და თუშები. ყიზილბაშურ ირანთან ურთიერთობაში ლევანი მოჩვენებით ერთგულებისა და დათმობის პოლიტიკას ატარებდა. თავზეხელაღებული მამის, ავგიორგისგან განსხვავებით, ლევანი სამხედრო ძალაზე მეტად დიპლომატიას ანიჭებდა უპირატესობას.
იმერელ დიდებულთა სამარცხვინო სათხოვარი და სხვა უგუნურებანი საქართველოს ისტორიაში
მაგრამ მაინც ვერ შეძლო ლევანმა თავისი პოლიტიკით საფრთხე აეცილებინა ქვეყნისთვის. 1521 წელს კახელებმა შაქის სახანო დალაშქრეს. მაგრამ, რადგანაც შაქის ხანი ჰასან-ბეგი ირანის შაჰის ვასალი იყო, სპარსელები, დივ სულთნის სარდლობით, ლევანის დასასჯელად მის სამეფოს შეესივნენ, ააოხრეს ქალაქები და დაბები, მათ შორის, უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები — გრემი და ძაგემი.
ლევანი იძულებული გახდა, ქალაქ არიშში მყოფ ისმაილ შაჰს ხლებოდა და მისთვის მორჩილება გამოეცხადებინა. როგორც სპარსი მემატიანე ისკანდერ მუნში წერს:

„ლევან ხან ქართველმა იმ უდიდებულესობის სამსახურის ქამარი წელზე შემოირტყა და იმედის სახე ქვეყნის საფარველ სასახლეში მიიტანა. ქალაქ არეშში მეფობის ტახტის საფეხურს თაყვანი სცა და ხელმწიფეთა ალერსით განდიდებული შეიქმნა“.

დაუცხრომელნი და მოუდრეკელნი: ამბავი ორი ქართველი მეფისა
ირანელები მაინც არ ენდობოდნენ კახეთის მეფეს, მაგრამ სანამ სპარსელები მრავალწლიან და დაუნდობელ ომს აწარმოებდნენ ოსმალებთან, ისინი არ ამწვავებდნენ ურთიერთობას ლევანთან და მის ფორმალურ მორჩილებას კმაყოფილდებოდნენ. 1555 წელს ქალაქ ამასიაში ირანი ოსმალეთს დაუზავდა და თამაზ შაჰს ხელ-ფეხი გაეხსნა კახეთთან დაკავშირებით — აგრესიულ ქმედებაზე გადავიდა. კახთა მეფემ, შაჰის გულის მოსაგებად, 1556 წელს შირვანში მყოფ თამაზთან შუათანა შვილი იესე (ვახტანგი) გაგზავნა და თან ნაკისრი ხარკიც გაატანა. შაჰმა ხარკიც მიიღო და უფლისწულიც მძევლად დაიტოვა. ლევანმა ვერც შაჰის გული მოიგო და შვილიც სამუდამოდ დაკარგა.
სპარსელები მძევალს ცუდ დღეში ამყოფებდნენ და ცდილობდნენ გამაჰმადიანებაზე დაეყოლიებინათ. როცა ტკბილმა სიტყვამ არ გაჭრა, მუქარას მიმართეს, თუმცა იესე კერკეტი კაკალი გამოდგა, შაჰმა ვერაფრით გადაიბირა.
სამი წელი უძლებდა ზეწოლას კახელი უფლისწული, ბოლოს „გატყდა“ და შაჰს თანხმობა შეუთვალა რჯულის შეცვლაზე. იესემ 1559 წელს მიიღო მაჰმადიანობა და მუსლიმანური სახელი ისა-ხანი დაირქვა. ამით შაჰის წყალობა დაიმსახურა. თუმცა მალე გაირკვა, რომ ქართველ უფლისწულს ისლამი ირანის შაჰის კლანჭებიდან თავის დასაღწევად მიეღო. იესე გაიქცა, მაჰმადიანობა უარყო და ისევ მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. მაგრამ შაჰის მსტოვრებმა შეიპყრეს და ირანის მბრძანებელს მიჰგვარეს. განრისხებულმა თამაზ შაჰმა 1562 წლის 23 დეკემბერს კახელი უფლისწული ალამუთის ციხეში სამუდამოდ გამოამწყვდია.
იდუმალებით მოცული მკვლელობა, ანუ ამბავი ქართველი მეფისა და უცნობი „ოვსი ყმისა“
შაჰი ამასაც არ დასჯერდა, 1562 წელს წუქეთი წაართვა კახეთს და შამხალს (დაღესტანს) უფეშქაშა. აშკარა იყო, რომ შაჰ თამაზი ლევანსა და მის სამეფოს დიდ განსაცდელს უმზადებდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლევანმა, თავისი პაპის — ალექსანდრე პირველის მსგავსად, გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინა გაძლიერების გზაზე დამდგარ რუსეთთან. სანამ 1563-1564 წლებში მოსკოვში ელჩს გაგზავნიდა, ლევან მეფე ყველა ხელმისაწვდომი წყაროდან კრებდა ინფორმაციას ჩრდილოელი მეზობლის შესახებ. ამ ამბავმა რუსთა მეფის ყურამდეც მიაღწია, რის შესახებაც არაპირდაპირი ინფორმაცია მოგვეპოვება. მაგალითად, 1557 წელს ყაბარდოელთა დესპანი, ვინმე კანკლიჩი, ივანე მრისხანეს არწმუნებდა, ჩერქეზებთან და ყაბარდოელებთან ერთად ივერთა მეფეც შენი მფარველობის მოსურნეაო. ცნობილია 1558 წელს პოლონეთის კარზე წარგზავნილი ელჩის ივანე ოლფერიევის სიტყვებიც, რომ მისი ხელმწიფე დამწუხრებული და შეძრწუნებული ყოფილა იმით, რომ ივერია სპარსელებს ჰქონდათ დაპყრობილი.
ერთი სიტყვით, XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან ლევანმა ურთიერთობა გაააქტიურა რუსეთის სახელმწიფოსთან, რითიც რუსეთის სამეფოც იყო დაინტერესებული — ერთმორწმუნეობის გარდა, ამ ორი სამეფოს დაახლოებას სხვა ფაქტორებიც უწყობდა ხელს.
ამბავი ქართველი პრინცისა, რომელიც კინაღამ ბულგარეთის მეფე გახდა
იმ დროს რუსეთს უძლიერესი მეფე ივანე მეოთხე (მრისხანე) მართავდა. მას უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყაზანისა და ასტრახანის სახანოები და რუსეთის საზღვარი მდინარე თერგისა და კასპიის ზღვის შესართავამდე იყო გადმოწეული. ხოლო ყაბარდოში ფეხის მოკიდების შემდეგ ივანე მრისხანეს მიეცა შესაძლებლობა, ხელში ჩაეგდო კასპიისპირეთის სავაჭრო მაგისტრალები და დიდი მოგება მიეღო აბრეშუმით ვაჭრობით. XVI საუკუნის მეორე ნახევარშივე ნათლად იგრძნობოდა ეკონომიკური ინტერესების პოლიტიკურში გადაზრდის ტენდენცია, რაც არნახულად ზრდიდა კახეთით დაინტერესებას რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. როგორც XVI საუკუნის ინგლისელი ავტორები — ჯეკინსონი, ჯეფრი დეკეტი, ლორენს ჩემპმენი, არტურ ედვარდსი ირწმუნებიან, იმ დროს კახეთი აბრეშუმის წარმოებით ყოფილა განთქმული, ხოლო მის მთავარ ქალაქ ზეგამში (ძაგემი) უამრავი აბრეშუმის შეძენა შეიძლებოდა. აბრეშუმი კი მაშინ ძალიან ძვირად ფასობდა და კახეთი რუსეთისთვის ძალზე მიმზიდველად გამოიყურებოდა.
კახელები რუსეთთან პირდაპირ კავშირზე არ გასულან. 1563 წელს ივანე მრისხანის დავალებით სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების გასაფორმებლად ირანში იმყოფებოდა ინგლისელი კომერსანტი, სავაჭრო კომპანიის წევრი ენტონი ჯეკინსონი. იმავე წლის აპრილში უკან, რუსეთში ბრუნდებოდა ინგლისელი კომერსანტი, როცა ქალაქ შემახაში მას ქართველი მეფის მიერ საგანგებოდ მასთან გაგზავნილი სომეხი ვაჭარი შეხვდა. ქართველი ხელისუფალი სომეხი ვაჭრის პირით სთხოვდა ინგლისელს რუსეთის მეფესთან შუამდგომლობას:

„შემახაში ყოფნის დროს მე მინახულა ქართველი მეფის მიერ გამოგზავნილმა ერთმა სომეხმა, რომელმაც ამ მეფის საშინელი მდგომარეობა აღწერა“, — წერს ჯეკინსონი და იქვე დასძენს, რომ ქართველთა მეფეს აინტერესებდა ინგლისელი კომერსანტის ვარაუდი იმის თაობაზე, მოისურვებდა თუ არა რუსთა მეფე მის დახმარებას.

მაგრამ კახეთის მეფის ელჩი იაკობი რუსეთში ინგლისელმა კომერსანტებმა ჩაიყვანეს თუ მას დამოუკიდებლად მოუწია ამხელა გზის გავლა, ცნობილი არ არის. თუმცა ფაქტია, რომ ვიზიტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მართალია, ეს საკითხი ორმხრივად იყო მომწიფებული, მაგრამ მისი გადაწყვეტა ისეთი ძლიერი ხელმწიფისთვისაც კი, როგორიც ივანე მრისხანე გახლდათ, მაინც არ იყო ადვილი. იმ დროს რუსეთი გაჭიანურებულ ლივონიის ომში იყო ჩართული, ამას თან დაერთო „ოპრიჩნინა“, რამაც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა შეარყია. ამ ფონზე კახეთში ჯარის გაგზავნა ოსმალეთთან და ირანთან მოსალოდნელ ომს ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, ივანე მრისხანემ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „რუსთა მეფე იოანეს ლევანმა წარუვლინა და ითხოვა სპა მისი მცველად ციხეთა კახეთისათა... ამან მოუვლინა და დაადგინა ციხეთა კახეთისათა რუსნი“.
ნიშანდობლივია, რომ კახეთის მეფემ რუსეთთან კავშირი მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ივანე მრისხანემ კახეთის სამეფოს სიახლოვეს, მდინარე თერგის ხეობაში 1563 წელს ციხე-სიმაგრე თარღუ (ტარკი) ააგო და შიგ კარგად შეიარაღებული რაზმიც განათავსა. ეს რუსეთის პოლიტიკის დიდი გამარჯვება იყო.
უფლისწულის სიკვდილის შემდეგ შერიგებული მეფეები და დასამარებული ქართული იმედი
1565 წლის ნოემბერში ლევანის ელჩი იაკობი მოსკოვიდან დაბრუნდა, რასაც იმ დროისათვის თანამედროვე თოფ-იარაღით აღჭურვილი სტრელცების რაზმის კახეთში გამოგზავნაც მოჰყვა. ლევანმა რუსი მეომრები კახეთის ციხეებში ჩააყენა და საიმედოდ გაამაგრა.
თუმცა რუს მეომრებს კახეთში ყოფნა დიდხანს არ მოუწიათ. კახეთში რუსების გამოჩენამ გააცოფა ოსმალთა სულთანი სელიმ II (ლოთად წოდებული), რომელიც შაჰ თამაზის მსგავსად უთვლიდა ლევანს მუქარას მუქარაზე. უკვე ასაკში შესულმა მეფემ ვერ გაუძლო ოსმალთა და სპარსელთა ზეწოლას და, კახეთის მეფისვე თხოვნით, ივანე მრიხანემ თავისი მეომრები საქართველოდან გაიყვანა. ამას დამატებით რუსთ ხელმწიფემ თარღუს ციხეც მოარღვია და იქიდანაც წაიყვანა მებრძოლები. როგორც იტყვიან, „კარი გაიჯახუნა.“ ვაი, რომ მომავალში ეს „კარის გაჯახუნება“ ძალიან ძვირი დაუჯდა ჩვენს ქვეყანას...