ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი მზარეულია

მამაკაცმა მძევლად 13 ადამიანი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოითხოვა.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში ხელყუმბარით შეიჭრა, თელავის მკვიდრი, 49 წლის შალვა მელიქიშვილია.
ქართული მედიის ცნობით, მელიქიშვილი სასტუმრო „ძველი თელავის“ რესტორანში მზარეულად მუშაობდა, თუმცა სამსახურიდან ალკოჰოლის სიყვარულის გამო გაათავისუფლეს.
„კარგი პროფესიონალი იყო, მაგრამ როცა „ზაპოი" დაეწყებოდა, ყველა ეჯავრებოდა და აგრესიული ხდებოდა. შემჩნეული არ იყო ქურდობასა და ყაჩაღობაში, მაგრამ რომ დათვრებოდა, რას აკეთებდა უკვე აღარავინ იცოდა“, – განაცხადა სასტუმროს მფლობელმა შოთა დემინაშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.
ყვარელში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი დაკავებულია
მისი თქმით, ბანკზე თავდასხმის დროსაც მელიქიშვილი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიდა: „ძალიან გამიკვირდა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იგი ამას გააკეთებდა. ალბათ ნასვამი იყო“.
შალვა მელიქიშვილი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს შეიჭრა, 13 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოითხოვა. ადგილზე მალევე მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება. მძარცველთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. შედეგად – ბანკში შეჭრილმა მამაკაცმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, ბოლოს კი პოლიციას ჩაბარდა.
არსებული ინფორმაციით, იგი გამოსასყიდის სახით სხვადასხვა თანხებს მოითხოვდა – ხან ნახევარ მილიონ, ხან მილიონ ლარს.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, მელიქიშვილი ბოლო ერთი წელია უმუშევარი იყო. სხვა წყაროების ინფორმაციით, მას ბანკის ვალი ჰქონდა, მაგრამ არა „საქართველოს ბანკში“, არამედ „თიბისი ბანკში“.
გუშინ მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.