იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქალაქ მაცუმოტოში გამართულ ღონისძიებას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის ქალაქ მაცუმოტოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინო ნაგანოს პრეფექტურაში, სადაც მდებარეობს ქალაქი მაცუმოტო, პირველად იყო წარმოდგენილი და მისი მიზანი მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ღვინით ვაჭრობის ბაზარზე გაყიდვების ხელშეწყობა იყო.
მოსაზრება: ქართულ ღვინოს შეუძლია მსოფლიო მოიცვას
დეგუსტაციაზე სულ 7 ღვინო იყო წარდგენილი – როგორც ევროპული სტილის, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული.
ღონისძიებას რესტორნების, ღვინის ბარების, სასტუმროების ქსელების 35 წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Red Bridge-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ. კენიჩი ოჰაშის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების მრავალფეროვნებას, ასევე ქართული ღვინის იაპონურ სამზარეულოსთან შეხამების გამოცდილებას მოიცავდა. უწყების ცნობით, ნაგანოს პრეფექტურა ღვინის მოხმარებით მესამე ადგილზეა იაპონიაში.