თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში იწყებს სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებაზე ელექტრონული განაცხადების მიღებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
ელექტრონულ ფორმატში განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge/login/.
სტუდენტებს ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია, ასევე სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე შეუძლიათ ნახონ.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. ესენია:
მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;
სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები;
ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/ მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ/ჰქონდათ რეპანტრიანტის სტატუსი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლების კურსდამთავრებულები;
სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ქვევით).
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 30 ათასამდე აბიტურიენტმა მოიპოვა, შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.
რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, ის გადანაწილდა 6.500-ზე მეტ სტუდენტზე, ხოლო სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას 4.200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1.330-ზე მეტი გამოსაცდელი.