თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულდა, განაცხადეს „გაზპრომში“.
„ოპერატიულ თათბირზე „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ დღეს, მოსკოვის დროით დილის 08:45 საათზე გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა სრულად დამთავრდა“, — ნათქვამია კომპანიის Telegram-არხზე.
მილსადენის ამუშავება წლის ბოლომდე იგეგმება.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“
მაგისტრალი რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე აიგო. მისი ორი ტოტის სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზია. მილების გაყვანას სამი წელი დასჭირდა.
გაზსადენს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინა, რომელიც ტრანზიტიდან შემოსავლების დაკარგვას უფრთხის, და ასევე აშშ, რომელიც ევროპაში თავისი გათხევადებული ბუნებრივი აირის გატანითაა დაინტერესებული. ვაშინგტონმა რამდენჯერმე დაუწესა სანქციები იმ კომპანიებს, რომლებიც პროექტის მშენებლობასთან იყვნენ კავშირში, რის გამოც სამუშაოები თითქმის ერთი წლით შენელდა. ამასთან გაზსადენს აქტიურად უჭერდნენ მხარს გერმანია და ავსტრია.
ჯერჯერობით გადაუჭრელად რჩება დავა გაზზე ევროკავშირის განახლებული დირექტივის გამო, რომელიც ძალაში 2019 წლის 23 მაისს შევიდა. მისი ნორმატივების თანახმად, ამ თარიღის შემდეგ გაყვანილი მილსადენი ნაწილობრივ ან ალტერნატიულმა მიმწოდებელმა უნდა შეავსოს, ან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი მისი მონაკვეთი გარეშე კომპანიას უნდა ეკუთვნოდეს. გერმანიის მარეგულირებლისა და სასამართლოს დადგენილებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დოკუმენტის მოქმედების ქვეშ რჩება.
რუსეთს ეს არ აწყობს. მოსკოვის აზრით, გასათვალისწინებელია არა ტექნიკური, არამედ ეკონომიკური არგუმენტაცია: დირექტივის განახლების მომენტისთვის პროექტში მილიარდიანი ინვესტიციები იყო ჩადებული — წინა სამართლებრივი ვითარების გათვალისწინებით.