ყვარელში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი დაკავებულია

ამ დროისათვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული. ადგილს სპეცდანიშნულების რაზმები უკვე ტოვებენ.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილი მძარცველი დააკავეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

„გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.

მამაკაცი ბანკის ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს, ასევე მიმდებარე ტერიტორია დატოვა ადგილზე მობილიზებულმა ჯავშანტექნიკამ.
რა ვითარებაა ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე – ადგილზე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა
რამდენიმე წუთის წინ პოლიციასა და „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მყოფ მძარცველს შორის კომუნიკაცია შედგა. მძარცველი ითხოვდა, რომ ბანკთან მობილიზებულ დანაყოფებს ტერიტორია დაეტოვებინათ. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ლარი მოითხოვა. მთელი ამ დროის განმავლობაში სამართალდამცველები მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
თავდაპირველი ინფორმაციით, მამაკაცს 15-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი, მოგვიანებით ისინი გათავისუფლდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, დაახლოებით დღის 4 საათისთვის ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.