მსოფლიო დღეს

„თალიბანთან“ თანამშრომლობა აუცილებელია: ერდოღანს ლტოლვილთა ნაკადები აშინებს

Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მოძრაობა „თალიბანთან“ ურთიერთქმედება აუცილებელია, რათა მიგრანტების ნაკადების ზრდა არ დავუშვათ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბრისას.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მოძრაობა „თალიბანთან“ ურთიერთქმედება აუცილებელია, რათა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უზრუნველყოფილი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მიგრაციული ზეწოლის გაძლიერება“, — ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, ერდოღანმა დრაგისთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ასევე აუცილებელია, უმოკლეს ვადებში, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციული შეთანხმებისა და საბაჟო კავშირის განახლების თაობაზე.
ავღანელი ლტოლვილების შესაჩერებლად: თურქეთი საზღვარზე კედელს აშენებს
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთის ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ თურქეთმა, რომელიც ქვეყნიდან ლტოლვილთა ნაკადების შეტევას არ გამორიცხავს, ირანთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო. ამ დროისათვის 3 მეტრი სიმაღლის კედელი უკვე 5 კილომეტრზეა აგებული. საბოლოოდ მისმა სიგრძემ 295 კილომეტრი უნდა შეადგინოს. კედელს მავთულხლართებსა და თხრილებსაც დაამატებენ.