თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის მეხუთე ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ ინფიცირებულ პირებში ფიქსირდება.
„ამ ეტაპზე ჩვენთვის მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება პრიორიტეტია, რაზეც გუშინ გამართულმა საკოორდინაციო საბჭომაც იმსჯელა. ვაქცინაციის პროცესში 60 წელს ზემოთ პირთა ჩართულობა დაბალია. თუ მათი ვაქცინაცია არ მოხდა, კორონავირუსის შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში სწორედ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება", – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პენსიონერთა შორის ვაქცინაციის წახალისების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახის ექიმებს დაევალებათ საკუთარ რაიონებში აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება.
კორონავირუსის მორიგი ტალღა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, შესაძლოა, COVID-19-ის მუდმივი მუტაციის შედეგად გაჩენილმა ახალმა შტამებმა გამოიწვიოს. ამ დროისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ „მიუ“ (Mu) შტამს სწავლობს, რომლის ორი შემთხვევა უკვე გამოვლინდა მეზობელ თურქეთში. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ როგორია მისი აქტივობა და ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს.
ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.