თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი შიოშვილის განცხადებით, ამ დროისათვის „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა.
მისი განცხადებით, ამჟამად სამართალდამცველები თავდამსხმელ მამაკაცთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„თავდამსხმელს მძევალი უკვე აღარ ჰყავს. (თავდამსხმელი) სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. როგორც მე ვიცი, ბანკის შენობაში ახლა მხოლოდ თავდამსხმელი იმყოფება. კონკრეტულად რა არის მისი მოთხოვნა, უცნობია“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა „პირველ არხთან".
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა დაახლოებით დღის 4 საათისთვის მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელსაც 15-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, ხელყუმბარითაა შეიარაღებული. მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვს.
ტერიტორია ყვითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებია მობილიზებული.