თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ერთი წლის შემდეგ საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ქალაქი, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ქვეყანაში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე გამართულ Outlet Village-ის პროექტის პრეზენტაციაზე.
Tbilisi Outlet Village-ის პროექტის პირველი ნაწილის რეალიზება 2022 წელს იგეგმება. სავაჭრო ქალაქში გაიხსნება ბრენდული მაღაზიები და საზკვების ობიექტები. პროექტის ღირებულება 70 მლნ ლარია.
„კომპანია Domus-ი ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონია. ეს არის პირდაპირი ინვესტიცია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ სავაჭრო ქალაქის გახსნის შემდეგ აქ 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. მშენებლობაზე კი 500 ადამიანი იქნება დასაქმებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ახალი სავაჭრო ცენტრი გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ბიუჯეტის შემოსავალს.
პროექტის პირველ ეტაპზე აშენდება 12,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის კომერციული სივრცე, სადაც საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილი 70 საერთაშორისო ბრენდი განთავსდება, ხოლო მეორე ეტაპზე დაემატება 7,5 ათასი კვადრატული მეტრი და 40 ახალი ბრენდი.
ჯამში Tbilisi Outlet Village-ის კომპლექსი 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს, სადაც წარმოდგენილი იქნება 110 ბრენდი. პროექტი ეკუთვნის Georgian Outlets & Resort Group-ს და TORG – The Outlet Resource Group-ს.
Tbilisi Outlet Village დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანია L35-ის მიერ.