თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და მისმა სომეხმა კოლეგამ არარატ მირზოიანმა თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ფართო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.
არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ კონტექსტში მხარეებმა „სპარსეთის ყურე - შავი ზღვის“ სატრანსპორტო დერეფნის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
მირზოიანმა რეგიონული კომუნიკაციების გახსნის დიდ მნიშვნელობაზეც მიუთითა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა 15 სომეხი სამხედრო ტყვის დასაბრუნებლად შუამავლის როლის შესრულებისთვის.
მან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.