თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანია TAP Air Portugal-ის პრეზიდენტს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიაკავშირის საკითხი განიხილა, იუწყება „პირველი არხი“.
„შეხვედრა გავმართეთ პორტუგალიის ეროვნული ავიაკომპანიის TAP Air Portugal პრეზიდენტთან. დავიწყეთ მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე. საქართველოს ავიაციის სექტორის შთამბეჭდავი აღდგენის ტემპი და ტურიზმის სექტორის უდიდესი პოტენციალი – პოზიტიურ მოლოდინებს გვიქმნის პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოსა და პორტუგალიას შორის პირდაპირი ავიარეისები არც პანდემიამდე სრულდებოდა. მოგზაურობის მსურველებს უწევდათ გადაჯდომა, ამიტომ ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადი მცირე იყო.
დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და პორტუგალიას შორის 1992 წელს დამყარდა. საქართველოში არ არის პორტუგალიის საელჩო, თუმცა თბილისში ამ ქვეყნის საპატიო საკონსულო მდებარეობს.