თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში 55 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ოჯახებს საცხოვრებელი ფართები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცა.
„აღნიშნული პროგრამა გრძელდება და ფართების დაკანონების მსურველ ადამიანებს მომავალშიც გვერდით დავუდგებით. მთლიანობაში ამ დროისათვის საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 ათასზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისის მერიაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.