თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. რთველი 2021-ის ფარგლებში კახეთში 57 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, დაახლოებით ოთხჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
8 სექტემბრის მონაცემებით, 5 ათასზე მეტმა ფერმერმა უკვე ჩააბარა მოსავალი ღვინის ქარხნებს. მათმა შემოსავალმა ჯამში 50 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ დროისათვის 85-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა 34 ათასი ტონა „რქაწითელი“, 18 ათასი ტონა „საფერავი“, 2 ათასი ტონა „კახური მწვანე“. დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ მომენტისთვის რეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც თანდათანობით უერთდებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს.
ფერმერების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირება, რომლებიც ძირითადად კახეთში მოდის. სუბსიდიით სარგებლობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც შეიძენენ და გადაამუშავებენ ამ ჯიშის არანაკლებ 100 ტონა ყურძენს და ფერმერს ერთ კილოგრამში არანაკლებ 90 თეთრს გადაუხდიან.
სუბსიდირებისთვის გამოყოფილია 100 მილიონი ლარი.