თბილისი, 8 სექტემბერი - Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკემ რომის ორი ციხის პატიმრებს 15 ათასი ულუფა ნაყინი აჩუქა, იუწყება ვატიკანის პაპის მოწყალების სამსახური. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„ამ დღეებში კარდინალმა კონრად კრაევსკიმ (სამსახურის ხელმძღვანელი) ციხეების - „რეჯინა ჩელისა“ და „რებიბიას“ პატიმრებს 15 ათასი ცალი ნაყინი გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ეს ჟესტი მიზნად ისახავს „დაეხმაროს და იმედი ჩაუსახოს ათასობით ადამიანს, რომლებიც რომში, საპატიმროებში იმყოფებიან“.
„რეჯინა ჩელის“ და „რებიბიას“ საპატიმროები იტალიის დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბანში მდებარეობს. ივნისის ბოლოს „რებიბიის“ პატიმრების ოცკაციანი ჯგუფი შეუერთდა პონტიფიკოსს ვატიკანის მუზეუმების მონახულებისას.
კომუნიკეში აღნიშნულია ასევე, რომ ზაფხულის შვებულების ნაცვლად სამსახურმა საკუთარი თავი მიუძღვნა შვიდიდან ორ მოწყალებას: ტუსაღების მონახულებას და ტანჯულთა ნუგეშისცემას.
ზაფხულში საქველმოქმედო სამსახურმა უსახლკაროთა მცირე ჯგუფები ზღვაზე და რომთან, პაპის „კასტელ განდოლფოს“ რეზიდენციის მახლობლად მდებარე ტბაზე წაიყვანა „საღამოს დასასვენებლად და პიცერიაში სავახშმოდ“.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ აგვისტოში ვატიკანმა 600 ათას დოლარად შეიძინა ტომოგრაფი მადაგასკარისთვის. დასრულდა ასევე „სამ ყველაზე ღარიბ აფრიკულ ქვეყანაში ახალი და ხელახლა შეკეთებული“ სამედიცინო დაწესებულებების მოწყობა. ამ საქმისთვის თითქმის ორი მილიონი ევრო დაიხარჯა, ნათქვამია განცხადებაში.