COVID-19 - ბოლო ცნობები

რომელ სკოლებში განახლდება ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი: გამყრელიძის განმარტება

საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, რთული ეპიდსიტუაციის გამო, 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ოქტომბრის დასაწყისში მაღალმთიანი რაიონებისა და სოფლების დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა დასწრებული ფორმატით აღდგება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ სკოლებში არსებული ეპიდვითარება შესწავლილია და გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით იქნა მიღებული.

„ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, თუ რამდენ პედაგოგს და მოწაფეს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი... ამ 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აუცილებლად უნდა აღდგეს, რადგანაც იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი", – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, უკვე ჩამოყალიბებულია ე.წ. უსაფრთხო სკოლებისა და უსაფრთხო უნივერსიტეტების კონცეფცია, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უახლოეს დღეებში განათლების სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს.
„დადგინდება კრიტერიუმები მუნიციპალიტეებსა და დიდ ქალაქებში, თუ რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. შემდეგ კონცეფციას განიხილავს და დაამტკიცებს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო“, – განაცხადა გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე: საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სპეციალისტების განცხადებით, ვიდრე ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ არ ჩამოვა და ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგ-პროფესორების 80% ვაქცინირებული არ იქნება, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უსაფრთხო გარემო არ იქნება. 28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% იყო ვაქცინირებული.