ქართველმა ბიზნესმენმა სახელმწიფოს ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადასცა

გავრცელებული ინფორმაციით, ხმალი ბელგიის აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა, რომელმაც ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს საჩუქრად ჭავჭავაძეების საგვარეულო ხმალი გადასცა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბიზნესმენთან ერთად ბრიფინგი გამართა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია.
ვიდრე ხმალი საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრად გადმოეცემოდა, ხიდაშელის დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა გოჩა ლაღიძემ.
თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება
დავით ხიდაშელის ინფორმაციით, იარაღი ბელგიის აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა, რომელმაც ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის დავით ჭავჭავაძისგან მიიღო.
თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ექსპონატი ეროვნულ მუზეუმში განთავსდება.
„ჩვენი სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს დავით ხიდაშელისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ფონდების გამდიდრებაში უანგაროდ მონაწილეობს და ამით საქვეყნო საქმეს აკეთებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.