თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხება.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, 15 კი წინააღმდეგი იყო.
პარლამენტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვას თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა.
მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ვერსიაში ნათქვამია, რომ ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვის წინააღმდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ განვითარდა, და ვისაც ამნისტიის გავრცელებაზე უარი არ განუცხადებია.
ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში. ასევე ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც მიზანმიმართული სროლის ბრძანება გასცა და მათ, ვინც ეს ბრძანება შეასრულა და ადამიანების ჯანმრთელობას განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა.
მანამდე ოპოზიცია მმართველ პარტიას სთავაზობდა კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ამნისტია უნდა შეხებოდა მხოლოდ საპროტესტო აქციების მონაწილეებს. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ეს ინიციატივა უარყო.
ეს კანონი მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან მისი თავმჯდომარე ნიკა მელია აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მთავარი ბრალდებულია და მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.