თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. პანჯშირში შეკრებილი წინააღმდეგობის მოძრაობა ტაქტიკას ცვლის, განაცხადა მათმა წარმომადგენელმა ალი ნაზარიმ.
„ამ წუთებში თალიბები ავრცელებენ ბევრ პროპაგანდას იმაზე, რომ ხეობა აიღეს, რაც სიცრუეა... პანჯშირში შესვლა გამარჯვებას არ ნიშნავს. 48 საათის წინ ჩვენ ჩვეულებრივად ვიბრძოდით. ახლა პარტიზანულ ბრძოლაზე გადავდივართ“, – აღნიშნა მან Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ალი ნაზარის თქმით, ამჟამად მოჯაჰედები უკან იხევენ, მთებში, საიდანაც წინააღმდეგობას განაგრძობენ.
აჯანყებულთა ლიდერმა აჰმად მასუდმა ავღანელებს მოუწოდა, აქტიურად დაუპირისპირდნენ მოძრაობას, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ავღანეთი „ჩამორჩენილ, ბნელ და ყოველგვარი კულტურისგან დაცლილ ქვეყნად“ გადაიქცევა.
აგვისტოში თალიბებმა ამერიკული კონტინგენტის გაყვანის ფონზე ყველა დიდი ქალაქი დაიკავეს და ოცწლიანი ომის დასასრული გამოაცხადეს.
ერთადერთი პროვინცია, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ, ქაბულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პანჯშირია – ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონი როგორც ფართობით, ისე მოსახლეობით. აქ საველე მეთაურის მასუდი-უმცროსის ხელმძღვანელობით წინააღმდეგობის ძალები იკრიბებიან.
თალიბები და ამბოხებულები პერიოდულად აცხადებენ თავიანთი საველე მიღწევების შესახებ. მაგალითად, დღეს, დილით ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარა პანჯშირზე, მაგრამ მოგვიანებით ხეობაში ეს ინფორმაცია უარყვეს.