თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს, ინფორმაციას მოკრივე საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
აშშ-ში პატიმრობაში მყოფ ექვსი ქამრის მფლობელ ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს 2018 წლის სექტემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ქართველი მოკრივე სოციალურ ქსელში წერს, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზეზი საპატიმროში კარგი ყოფაქცევა და დისციპლინა გახდა. 42 წლის სპორტსმენი გეგმავს დაუბრუნდეს აქტიურ სპორტს.
„თავისუფლება ზუსტად ისეთია, როგორიც გახლავართ მე. გამოვდივარ (საპატიმროდან) სრული მონდომებით და მომზადებით, რათა შევძლო დარჩენილი რამდენიმე ქამრის მოპოვება და მივაღწიო აღნიშნული კარიერის წარმატებით დასრულებას. ამისთვის მქონდა მთელი 5-წლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების მობილიზება“, – დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.
ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. ხურციძე იმ 33 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ნიუ-იორკის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. ამ საქმეზე მაშინ სულ 15 ქართველი დააკავეს. ისინი რუსეთის მოქალაქე „კანონიერ ქურდთან" რაჟდენ შულაიასთან კავშირში იყვნენ მხილებული. ხურციძესთან ერთად ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი, რომელიც დაკავებიდან მალევე სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
2018 წლის ივნისის ბოლოს ნიუ-იორკის სასამართლომ ხურციძე და შულაია რეკეტსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ შულაია და ხურციძე მონაწილეობდნენ რამდენიმე დანაშაულებრივ სქემაში, რაც მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ძარცვას, ნაქურდალის გასაღებას და თაღლითობას.
ხურციძე მსოფლიოს დროებითი ჩემპიონი იყო WBO International-ის ვერსიით. 2017 წლის 8 ივლისს ხურციძე ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს ლონდონში უნდა შეხვედროდა და WBO International-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა, თუმცა შეხვედრა გაუქმდა. კრივის მსოფლიო ორგანიზაციამ (WBO) ქართველ სპორტსმენს მსოფლიოს დროებითი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.