თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Sinopharm-ის 20 ათასი დოზა რეზერვიდან დამატებულია და მოქალაქეებს შეუძლიათ, პირველი დოზა დაჯავშნონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისათვის ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე Sinopharm-ის ვაქცინის პირველ დოზაზე 132 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილია.
გამყრელიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ კვირის ბოლოს ქვეყანაში Sinopharm-ის დამატებითი დოზები შემოვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Sinopharm-ის ვაქცინით პირველ დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. Sinopharm-ით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც.
გარდა ამისა, გამყრელიძის თქმით, დღეს საღამოს Pfizer-ის დამატებით 400 ათასი დოზა შემოვა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა ნელი ტემპით.
„ყველა ინდიკატორი, როგორიც არის ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუმჯობესებულია და ეს დინამიკა გრძელდება. ხვალ, ზეგ ალბათ მეტი შემთხვევა გვექნება, მაგრამ დიდი ალბათობით, არ იქნება დიდი მატება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ.
აგვისტოს ბოლო რიცხვებიდან დღემდე საქართველოში Sinopharm-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეზღუდული იყო. საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 5 სექტემბრის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 1.314.104 აცრა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 375.748 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 16,7%-ს შეადგენს.