თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. ავღანეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქალთა ძალადობისგან დაცვის სამსახურის ქსელის ცენტრები იხურება. დაწესებულებების ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი ბენეფიციარებთან ერთად გაქცეულია, წერს The New York Times.
„ჩვენი თავშესაფრები, ქალთა დაცვის ცენტრები აღარ არსებობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში უწინდებურად შევძლოთ იმ საქმის დიდი ნაწილის გაკეთება, რასაც ქალებისთვის ვაკეთებდით“, - განაცხადა ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა სუნიტა ვიშვანატმა.
პერსონალმა შეიფარა რამდენიმე გოგონა და ქალი თავის სახლებში, რადგან ციხიდან გათავისუფლებული ნათესავები მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.
ორგანიზაციას „ქალები ავღანელი ქალებისთვის“ წლები დასჭირდა იმისათვის, რომ ავღანეთში შექმნილიყო ქალთა დაცვის სამსახურის ყველაზე მსხვილი ქსელი 14 პროვინციაში - 32 თავშესაფარი, ოჯახური ორიენტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი.
ავღანელი ქალების ნახევარზე მეტმა განაცხადა ფიზიკური ძალადობის შესახებ და 17%-მა - სექსუალური ძალადობის შესახებ. თითქმის 60%-ს ძალით ათხოვებენ, აღნიშნავს გამოცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთში ათჯერ გაძვირდა ფარანჯა. ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ ქალებს საათობით უწევთ რიგებში დგომა იმისათვის რომ გარდერობის ეს ნაწილი შეიძინონ.