რთველი-2021: კახეთში 37 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან 3 სექტემბერს დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩაბარებული 37 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, წლევანდელი მოსავალი დაახლოებით ცხრაჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
„რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძენი საწარმოებს 3.300-მდე მევენახემ ჩააბარა, რომელთაც შემოსავლების სახით 35 მლნ ლარზე მეტი მიიღეს. კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მომავალი კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართული ღვინის კომპანიების წარმატება ზაფხულის დეგუსტაციაზე
აღსანიშნავია, რომ გადამუშავებული ყურძნიდან 15 ათას ტონაზე მეტი დასეტყვილი მოსავალია.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი ერთჯერადი კომპენსაციის სახით თითოეულ ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. სეტყვის შედეგად დაზიანებულ ყურძენს მევენახეები 1კგ რქაწითელს 0,80 ლარად და 1კგ საფერავს - 1 ლარად აბარებენ.
ამ დროისთვის, კვლავ მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა.