ქართველი ფერმერები არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ

სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ფერმერები სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას 10 სექტემბრიდან შეძლებენ, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობა წელსაც დაეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში, რისთვისაც ფიქსირებული ფასებით შესყიდვის პროგრამას აამოქმედებს.
სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო 0,1 ლარს აუნაზღაურებს ხილის გადამმუშავებელ კომპანიებს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0,22 ლარად შეისყიდიან. ფერმერები ვაშლის ჩაბარებას 2021 წლის 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ ლარს დააბანდებს
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებული შესყიდვისთვის გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
იმისათვის, რომ საწარმოებმა შეუფერხებლად ჩაიბარონ და გადაამუშაონ არასტანდარტული ვაშლი, საბრუნავი საშუალებების შესავსებად მათ შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო კრედიტებით სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის სტიმულირების პროგრამა ეხმარება ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მისაღებ ფასად რეალიზაციაში. ამავე დროს პროგრამა ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს ნედლეულით მომარაგებას უწყობს ხელს. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების შედეგად მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე იყიდება.