თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 3 სექტემბერს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტითა და აღნიშნულ ფაქტზე მოქალაქეთა მომართვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, მისი თანხმობის გარეშე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პრემიერი დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზაზე.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მან კორონავირუსი მიმდინარე წლის აპრილში გადაიტანა, 8 აგვისტოს კი ის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით საჯაროდ აიცრა. 3 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათი აიღო. კოვიდ-ბარათზე დატანილია პირის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები.