თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა ქაბულში ჰაერში საზეიმო სროლის შედეგად, რომელიც „თალიბანის“ ბოევიკებმა განახორციელეს, იუწყება РИА Новости სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
თალიბების წარმომადგენლებმა და თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ბოევიკები სროლით აღნიშნავენ პანჯშირის აღებას. ქაბულის მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ სროლა ჰაერში განხორციელდა და საზეიმო დანიშნულება ჰქონდა. მოძრაობის ხელმძღვანელობამ ბოევიკებს სროლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის ფონზე მოძრაობამ განაცხადა, რომ ბოევიკებს, რომლებიც ქალაქებში ჰაერში ისვრიან, იარაღს ჩამოართმევენ, ხოლო დამნაშავეებს პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა.
აგვისტოს პირველ დეკადაში რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის ყველა დიდი ქალაქი აიღო და ოცწლიანი ომის დასრულების შესახებ განაცხადა. ერთადერთი პროვინცია, რომელსაც ვერ აკონტროლებენ ბოევიკები, არის პანჯშირი, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ქაბულის აეროპორტი, საიდანაც უცხოელების და მეკავშირეების ევაკუაცია განხორციელდა, მთლიანად „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ მოექცა.
მანამდე პანჯშირის უდიდესი რაიონის პარიანის მთლიანად „თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასვლის შესახებ ინფორმაცია თალიბების წარმომადგენელმა ბილალ ქარიმიმ გაავრცელა. РИА Новости-ს წყარო პოლიციის შტაბ-ბინაში ქაბულში ამტკიცებდა, რომ პანჯშირში წინააღმდეგობის ყველა ჯარისკაცი დაკავებულია, ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და წინააღმდეგობის ძალების ლიდერი აჰმად მასუდი გაიქცნენ. თუმცა მოგვიანებით სალეჰმა უარყო თალიბების განცხადება პროვინციის აღების შესახებ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობა გრძელდება, თავად კი ქვეყანა არ დაუტოვებია და პანჯშირში რჩება.