„დაე, ვძულდე, ოღონდ ეშინოდეთ“ – ცხოვრება კალიგულასი

Sputnik
იდგა ახალი წელთაღრიცხვის 37 წელი... რომის იმპერიას 72 წლის იმპერატორი ტიბერიუსი „განაგებდა“. სიტყვა „განაგებდა“ შემთხვევით როდი ჩავსვით ბრჭყალებში — ტიბერიუსი, ფაქტობრივად, არაფერსაც არ განაგებდა, ქვეყანაში სრული ანარქია და განუკითხაობა სუფევდა.
იმპერატორის პოლიტიკა – „ჩემ შემდეგ ქვა ქვაზეც ნუღა დარჩენილა“ ერთი პერიოდი ამართლებდა კიდეც. მანამ, სანამ იმპერატორთან დაახლოებული ჩინოვნიკები მომძლავრდებოდნენ და გამდიდრდებოდნენ, ტიბერიუსი სჭირდებოდათ, რათა თავი სხვა, უფრო ძლიერი და გავლენიანი ძალებისგან დაეცვათ. ამიტომაც ეგუებოდნენ მის მმართველობას. მაგრამ ერთ დღესაც გაძლიერებული სახელისუფლო კლანებისთვის ტიბერიუსი ზედმეტი აღმოჩნდა. ამიტომაც პრეტორიანული გვარდიის სარდალს (ძალაუფლებით მეორე კაცი იმპერიაში) ნევიუს სერტორიუს მაკრონს არ გასჭირვებია მოხუცი იმპერატორის თავიდან მოცილება — ის ბალიშით გაგუდეს და იმპერატორად 25 წლის გაიუს გერმანიკუსი (კალიგულა) გამოაცხადეს.
ფარაონის როსკიპი ქალიშვილის ფულით აგებული პირამიდა – 46 საუკუნის მიღმა
რომს თავიდან იმედი მიეცა, რომ მოხუცი და უუნარო იმპერატორის ნაცვლად ტახტზე ასული ენერგიით სავსე კალიგულა გაცილებით მეტს გააკეთებდა ქვეყნისთვის, მაგრამ იმედები ძალიან მალე გაუცრუვდათ. თუმცა კალიგულამ დაწყებით კარგად დაიწყო: აღადგინა სახალხო კრება, გამოაცხადა ამნისტია, დააწინაურა და დაასაჩუქრა ღირსეულნი. ხალხის წინაშეც ხშირად გამოდიოდა როგორც ჭკვიანი და გამოცდილი ორატორი. მან მუსრი გაავლო მაკრონსაც და ტიბერიუსის სხვა მკვლელებსაც, ვინაიდან არ სურდა დავალებული ყოფილიყო ვინმესგან. ამიტომაც დაუნანებლად მოიშორა ის ადამიანები, ვინც ტახტზე ასვლაში დაეხმარა.
ამ ანგარიშსწორებით კალიგულამ რომაელთა გული მოიგო, მაგრამ მალე ყველა დარწმუნდა, რომ „სამართლიანი იმპერატორის“ ნიღბის ქვეშ პირსისხლიანი ტირანი იმალებოდა.
კალიგულამ სულ რაღაც ერთ წელიწადში გაფლანგა წლების განმავლობაში ნაგროვები სახელმწიფო ხაზინა. მისი ყოველდღიური ორგიები კოლოსალურ თანხად უჯდებოდა ქვეყანას. დიდმა ფულმა და ძალაუფლებამ ის კიდევ უფრო გააყოყოჩა და გაათამამა. ამას დაერთო ფსიქიკური აშლილობაც, რაც მის გაუგონარ სისასტიკეში გამოიხატებოდა.
ჩექმა–იმპერატორი (კალიგულა ქართულად ჩექმას ნიშნავდა) ღამით ვერ იძინებდა. მოულოდნელად წამოვარდებოდა ლოგინიდან, სააღლუმო–საზეიმო პოზას მიიღებდა, ხელს წინ გასწევდა, ცერა თითს მაღლა აღმართავდა და მწყობრი ნაბიჯით მთელი ღამე დაბორიალობდა სასახლის დერეფნებსა და ოთახებში.
უძლეველი სპარტა: მეომართა აღზრდის წესები, თავისუფლება სექსში და შიშველი ცეკვა
მის აღვირახსნილობაზე ლეგენდები დადიოდა. კალიგულა ხელიდან არ უშვებდა არც ერთ ქალს, მიუხედავად იმისა, დიდგვაროვანი იყო ის თუ მსახური მონა. ვნებაატანილი იმპერატორი ამასაც არ დასჯერდა — საკუთარი და, დრუზილა ოფიციალურ საყვარლად დაისვა.
იმპერატორმა თავი უპირატეს ღვთაებად — იუპიტერად გამოაცხადა. არავის ჰქონდა მისი გაკრიტიკების უფლება. უფრო მეტიც, მან სასახლეში თავისი „შესაფერისი“ ეტიკეტი დააწესა: მუხლებზე დაჩოქება, თავის მიწამდე თავის დაკვრა, ფეხებზე კოცნა და სხვ.
კალიგულა თეატრალურ და საცირკო სანახაობებზე ხალხს იუპიტერის ტანსაცმლით შემოსილი ეცხადებოდა. მისი ბრძანებით რომში აღმართულ ყველა მამაკაცი ღმერთის ძეგლს თავები დახსნეს და კალიგულას თავი დაადგეს. მერე ყოველ დილით გადიოდა სასახლის ეზოში და ტკბებოდა საკუთარი ქანდაკებებით.
გადმოცემის თანახმად, ერთ დღეს ის მოულოდნელად მიუტრიალდა მწერალ აპულეუსს და ჰკითხა: „ვინ უფრო დიდია — იუპიტერი თუ მე?“ აპულეუსი შეყოვნდა და მცირე ხნის შემდეგ მიუგო – რა თქმა უნდა, თქვენო. თუმცა საცოდავი მაინც დასაჯეს სიკვდილით — მცირე ყოყმანიც კი არ აპატია მას კაცთმოძულე იმპერატორმა.
კალიგულას ბრძანებით, აპულეუსის მსგავსად, ათასობით რომაელს მოჰკვეთეს თავი, მაგრამ სისხლით ვერ ძღებოდა რომის მბრძანებელი. ერთხელ აღმოხდა კიდეც უკმაყოფილო იმპერატორს, ნეტავ მთელ კაცობრიობას ერთი თავი ედგას, ერთი მოქნევით მოვკვეთდი და დავისვენებდიო.
ამბავი როსკიპებისთვის დადგმული ძეგლებისა: ხაზინის ქურდები - წარსულიდან აწმყომდე
დიქტატორის ასეთი სისასტიკე უკმაყოფილებას იწვევდა რომაელებში. ერთ-ერთმა ერთგულმა კარისკაცმა მოახსენა კიდეც ამის თაობაზე და... იმპერატორმა სიკვდილით დასაჯა „მკრეხელი“. სანამ თავს მოჰკვეთდნენ, ჯიქურ უთხრა: „დაე, ვძულდე, ოღონდ ეშინოდეთ!“ და იმ ქვეყნად გაატანა ეს შეგონება სიმართლის მთქმელს.
კალიგულას ამპარტავნება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ის იუდეველებთან ომის დაწყებით იმუქრებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ ებრაელებმა უარი თქვეს იერუსალიმის ტაძარში მისი ქანდაკების დადგმასა და თაყვანისცემაზე.
კრახით დასრულდა კალიგულას საომარი წამოწყებები გერმანიასა და გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი). მაგრამ მიუხედავად სამარცხვინო წაგებისა, რომში ბრწყინვალე ტრიუმფით შევიდა — ქალაქის ქუჩებში გალებისა და გერმანელების ტანსაცმელში გამოწყობილი „დატყვევებული“ რომაელი ლეგიონერები ჩაატარა და ხალხს ისე მოაჩვენა საქმე, თითქოს დიდ გამარჯვებას მიაღწია ბარბაროსებთან ომში.
დრო გადიოდა და კალიგულას ახირებები სულ უფრო და უფრო დიდ თანხებს მოითხოვდა. იმპერატორის ბრძანებით, საახალწლოდ ყველა ქვეშევრდომს საჩუქრად უნდა მიეტანა თუნდაც ერთი ოქროს მონეტა. ამ დღეს გაიუს გერმანიკუსი საათობით იჯდა სასახლის შესასვლელში მათხოვარივით ხელგაწვდილი და მოწყალებას ელოდებოდა.
გარდა ამისა, ხაზინის შევსების მიზნით კალიგულამ რომში რამდენიმედღიანი დიდი ორგია მოაწყო. კერძოდ, რომაელი პატრიციების (დიდებულების) დებს, ქალიშვილებსა და ცოლებს უბრძანა, ერთი მონეტის საფასურად დანებებოდნენ ნებისმიერ მსურველს. ბუნებრივია, ვინც იმპერატორის ბრძანებას არ შეასრულებდა, უეჭველი სიკვდილი ელოდა. ამიტომაც თითქმის ყველამ ამჯობინა სიკვდილს სირცხვილი.
ქმრისთვის რქების დადგმა და ათენელი პარაზიტები: შემეცნებითი ლექსიკონი
ამ „ღონისძიებით“ უსაზღვროდ გაიხარეს პლებეებმა, ანუ დაბალმა ფენებმა. ვისაც კი რომელიმე სენატორზე ან სხვა დიდგვაროვანზე რაიმე წყენა ჰქონდა, მათ ცოლებსა და დედებზე იყარა ჯავრი.
მართალია ამ ორგიებით დიდძალი თანხა შევიდა ხაზინაში, მაგრამ არც ეს ფული აღმოჩნდა საკმარისი კალიგულას უსაზღვრო ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად. ამას მოჰყვა ახალი, ყოვლად გაუმართლებელი გადასახადების დაწესება და მისი ამოღების მიზნით განუკითხავი სადამსჯელო ოპრაციების ჩატარება, რაც ტრადიციულად ქონების კონფისკაციებით სრულდებოდა.
უზარმაზარმა ქონებამ მოიყარა თავი კალიგულასა და მისი ერთგული ჩინოვნიკების ხელში, ხალხს კი მხოლოდ უფასო სანახაობები დაუტოვეს თავშესაქცევად.
ამასთან აღდგა „პროსკრიპციებიც“, რა დროსაც წინასწარ დგებოდა სიები, თუ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ და ვისთვის წაერთმიათ ქონება. სულ რაღაც 2-3 წელიწადში პროსკრიპციებში მოხვედრილ ადამიანთა რიცხვმა 13 ათასს გადააჭარბა. მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ გააჩნდათ ქონება, რომლის წართმევაც შეიძლებოდა. მაგრამ ყაჩაღობისთვის კანონიერი სახე რომ მიეცათ, ქონების მეპატრონე ჯერ შეთქმულად ცხადდებოდა, მერე კი ძარცვავდნენ.
ამ განუკითხაობამ დიდი მასშტაბები მიიღო. თვით კალიგულას ერთგულებიც არ იყვნენ მშვიდად, ვინაიდან არავინ უწყოდა, თუ რას მოიმოქმედებდა გიჟი იმპერატორი. მაგალითად გამოდგება მრავალდღიანი, ლამის დაუსრულებელი საცირკო სანახაობები და გლადიატორთა ორთაბრძოლების გამართვა. ამის გამო მონა-გლადიატორთა რიცხვი იმდენად შემცირდა, რომ კალიგულას ბრძანებით პირდაპირ მაყურებლებიდან ერეკებოდნენ არენაზე თავისუფალ რომაელ მოქალაქეებს, რომელთა საამებლადაც იმართებოდა თითქოს ეს უფასო სანახაობები. არენაზე მოხვედრილები კი უბადლოდ გაწვრთნილი მონა-გლადიატორებისა და მხეცების ლუკმა ხდებოდნენ — მათი გადარჩენის შანსი თითქმის ნულის ტოლი იყო.
როგორ გახდა ნერონი ოლიმპიური ჩემპიონი: საინტერესო ფაქტები ასპარეზობის ისტორიიდან
რაც ყველაზე მთავარია, კალიგულამ მინიმუმამდე დაიყვანა სენატის გავლენა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. მან სენატი გამოხშირა არასანდო პირებისგან და ის თავისი ერთგული ხალხით შეავსო. უფრო მეტიც, რომაელ ხალხს სენატორად აარჩევინა საკუთარი ცხენი — სახელად ინციტატოსი. ერთ დღესაც, როცა სენატის სხდომის დროს „სენატორმა“ ცხენმა დაიჭიხვინა, კალიგულამ თქვა, როგორ იქნა, ამ სენატში ერთი ადამიანური ხმა გავიგონეო. აქედან ნათლად ჩანს, თუ რა ფუნქცია ჰქონდა სენატს კალიგულას სახელმწიფოში.
მოკლედ, მთელი იმპერია, ხალხი და მის მიერ შექმნილი დოვლათი შეშლილი იმპერატორის ჭკუის ქეიფზე იმართებოდა. მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერს აქვს დასასრული. ერთ დღესაც კალიგულას გარემოცვამ, კერძოდ, პრეტორიანელთა სამხედრო ტრიბუნმა კასიუს ხერეამ ახალი წელთაღრიცხვის 41 წლის იანვარში თეატრის დერეფანში ღორივით გამოჭრა ყელი „ღვთაებრივ იმპერატორსა“ და მის ცოლ-შვილს. თავად პრეტორიანელებმა კი კალიგულას ნათესავთა და ერთგულთა ხოცვა-ჟლეტას მიჰყვეს ხელი...
ასე უსახურად დასრულდა ცხოვრება პირუტყვად ქცეული ადამიანისა, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა ერთი ჭეშმარიტება: „ძალაუფლება რყვნის ადამიანს, აბსოლუტური ძალაუფლება — აბსოლუტურად რყვნის“.