თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან მიმართებით სეზონური გრიპის აცრის ჩატარებას არავითარი შეზღუდვა არ აქვს, განაცხადა იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
როგორც კულუმბეგოვმა განმარტა, მთავარია კორონავირუსის და გრიპის ვაქცინების ჩატარებისას ორკვირიანი შუალედი იყოს დაცული.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
რაც შეეხება COVID-19-ს, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს დაიწყო.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.235.386 აცრა. აქედან ერთი დოზით აცრილია 813.601 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,5%, ხოლო სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 421.785 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 14,8%.