ძლიერი სეტყვა და ქარი კახეთში: სტიქიამ მოსავლის ნაწილი გაანადგურა

სეტყვის შედეგად კახეთის ცალკეულ სოფლებში მოსავლის ნაწილი განადგურდა, რამდენიმე სახლს კი ქარმა სახურავი გადახადა.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. დღეს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში რამდენიმე სოფელი დააზარალა, ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
სეტყვის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ძლიერმა ქარმა კი სოფელ გრემში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ასევე, სეტყვის შედეგად ზიანი მიადგა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულს, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 70 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაისეტყვა.
ძლიერი ქარი თბილისში: წაქცეულმა ხეებმა მანქანები და გარე განათება დააზიანა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა.
მანამდე, 26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4.600 ჰექტარი ვენახი დააზიანა, საიდანაც 15-20 ათას ტონა ყურძენს ელოდებოდნენ.
ფერმერებმა 9 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი ჩააბარეს
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.