თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. კახეთში ღვინის ქარხნებმა ადგილობრივი ფერმერებისგან 9 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი მიიღეს და გადაამუშავეს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
კახეთის მხარეში ცხრა ლოკაციაზე სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ აგრძელებს სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღებას. 27 აგვისტოდან დასეტყვილი ყურძენი 1,3 ათასამდე ფერმერმა ჩააბარა, მიღებულმა შემოსავალმა 8 მლნ ლარს მიაღწია.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს იხდის, „საფერავში“ კი – 1 ლარს.
საწარმოები დაზიანებულ მოსავალს ფერმერებისგან 3 სექტემბრამდე ჩაიბარებენ.
ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი სრულად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, უკვე დაწყებულია სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სახელმწიფო ყველა კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ს, ხოლო ვაზზე – 50%-ს აფინანსებს.